ოთხთა ნიშანი

 

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი

Ambrosi Khelaya სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია), დაიბადა 1861 წლის 7 სექტემერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა. იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.

1897 წელს ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, აღიკვეცა ბერად, საქართველოში დაბრუნდა და 1901 წელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად.მონაწილეობდა ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, რის გამოც, 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.

1907 წელს საეკლესიო კრებამ, ამბროსი ხელაიას მონაწილეობით, სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების ქართულ ენაზე სწავლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკზარქოსმა ნიკონმა ავტოკეფალისტთა კრება კაზაკებს დაარბევინა.

1905 წელს ამბროსი ხელაია კვლავ რუსეთში გადაასახლეს.

1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. 1921 წელს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად აირჩია.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1922 წლის 7 თებერვალს მან გაუგზავნა მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას, სადაც მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას: “… 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან”.

იმავე წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი “ჩეკა”-მ დააპატიმრა. „მიესაჯა პატიმრობა: 7 წლით, 9 თვით და 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით”.

1924 წელს, ამნისტიით გაათავისუფლეს, თუმცა ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

ამბროსი ხელაია

ამბროსი ხელაია: “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”

კარდინალი იოჟეფ მინდსენტი

Józef Glemp კარდინალი იოჟეფ მინდსენტი (იოჟეფ პეხმი) ესტერგომის არქი-ეპისკოპოსი და უნგრეთის პრიმასი 1892 წლის 29 მარტს დაიბადა სოფელ ჩეშიმინდსენტში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სემინარიაში განაგრძო და 1915 წელს მღვდლად ეკურთხა.

ყველა ჯურის დიქტატორებისა და ყველა შეფერილობის ტოტალიტარული რეჟიმების მოწინააღმდეგე ღვთისმსახურს, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის პატიმრობაში გატარება მოუხდა.

1919 წელს ის პირველად დააპატიმრეს და უნგრეთის მიჰალი კაროლის სოციალისტური და ბელა კუნის ბოლშევიკური ხელისუფლების მმართველობის წლები პატიმრობაში იმყოფებოდა.

1944 წელს ეპისკოპოსად ახლად ხელდასხმული იოჟეფ მინდსენტი უკვე ფერენც სალაშის ფაშისტურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა.

1945 წელს ის ესტერგომის არქი-ეპისკოპოსი და უნგრეთის პრიმასი გახდა.

1948 წელს მესამედ დააპატიმრეს – ამჯერად, უნგრეთის ხელისუფლებაში სტალინის მიერ ხელახლა დასმულმა ბოლშევიკებმა. “სახალხო სასამართლომ” მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

1956 წლის უნგრული რევოლუციის შემდეგ, იმრე ნოდის (იმრე ნოდ – უფრო სწორი ფორმაა, ვიდრე ჩვენში დამკვიდრებული – ნადი) მთავრობამ ის გაათავისუფლა. რადიო-მიმართვის დროს იოჟეფ მინდსენტიმ უნგრელებს შეკავშირებისკენ მოუწოდა და უნგრეთის დეკომუნიზაციას დაუჭირა მხარი.

იმავე წლის 4 ნოემბერს მარშალ ჟუკოვის მეთაურობით წითელმა არმიამ უნგრეთის “გათავისუფლების” ოპერაცია დაიწყო (ვინც არ იცის, რუსების ენაზე როცა ვინმე ერთმორწმუნე თუ არა-ერთმორწმუნე მეზობელსა თუ არა-მეზობელს დაიპყრობ, მაგას „გათავისუფლება“ ქვია. “პრაგის გენოციდი“). იოჟეფ მინდესნტიმ აშშ-ს, ხოლო იმრე ნოდმა იუგოსლავიის საელჩოს შეაფარეს თავი (მოგვიანებით, ტიტომ პრემიერი ნოდი ოჯახითურთ რუსებს მიყიდა. ის მოტყუებით ვითომ სამშვიდობოს – რუმინეთში გადაიყვანეს, დააპატიმრეს, უკან, უნგრეთში დააბრუნეს და დახვრიტეს).

მინდსენტი 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე. 1971 წელს მას უნგრეთის დატოვების ნება მისცეს. ის ავსტრიაში გადავიდა და გარდაცვალებამდე ვენაში ცხოვრობდა. სამშობლოს გათავისუფლებას ის ვერ მოესწრო.

1991 წლის 4 მაისს უნგრეთის ახლად არჩეულმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ კარდინალ იოჟეფ მინდსენტის ნეშტი ესტერგომში გადაასვენა და უწმინდეს ქალწულ მარიამისა და წმინდა ადალბერტის ტაძარში დაკრძალა.

კარდინალი იუზეფ გლემპი

Józef Glemp კარდინალი იუზეფ გლემპი, გნეზნოსა და ვარშავის არქი-ეპისკოპოსი და პოლონეთის პრიმასი 1929 წელის 18 დეკემბერს ქალაქ ინოვროცლავში დაიბადა. მამამისი მეშახტე იყო, პოლონური გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და 1918-1919 წლების ე.წ. “დიდი პოლონეთის” ამბოხის მონაწილე (გერმანელთა წინააღმდეგ).

იუზეფ გლემპი სწავლობდა გნეზნოსა და პოზნანის სასულიერო სასწავლებლებში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტების მიერ ჩამოყალიბებულ პოლონელ ტყვეთა სამშენებლო ბატალიონში მოხვდა და სემინარიის დამთავრება ვერ მოასწრო.

ომის დასრულების შემდეგ, გნეზნოს სასწავლებელი დაამთავრა და 1956 წელს მღვდლად ეკურთხა. სწავლა რომში განაგრძო, სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა და უმაღლესი საეკლესიო სააპელაციო სასამართლოს ადვოკატი გახდა.

1981 წლიდან გნეზნოსა და ვარშავის არქი-ეპისკოპოსი და პოლონეთის პრიმასი გახდა.

იუზეფ გლემპის, როგორც  პოლონეთის უმაღლესი სასულიერო პირის მოღვაწეობის წლები, ქვეყანაში ანტი-ბოლშევიკური გამოსვლების ტალღის აღმავლობას დაემთხვა. მან ეკლესია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ ნაწილად აქცია. პოლონელი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგების დროს დიდ დროს უთმობდნენ პატრიოტულ თემებს, ცდილობდნენ ადამიანებს დახმარებოდნენ რეჟიმის მიმართ შიშისა და კონფორმიზმის დაძლევაში. უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც პოლონელები პირდაპირ წირვის დასრულების შემდეგ, ეკლესიის შენობაშივე წევრიანდებოდნენ მოძრაობა “სოლიდარობაში” (Solidarność).

რუსულმა და პოლონურმა ბოლშევიკურმა მედიამ ეკლესიის მოღვაწეების მიმართ ცილისწამების კამპანია წამოიწყეს. უშიშროების აგენტები მათ დევნიდნენ, იტაცებდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ (ამათგან, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1984 წელს მოხდა, როდესაც მღვდელი იეჟი პოპიევუშკო პოლონური უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს და მოკლეს).

ლეხ ვალენსას თქმით, პოლონელი პატრიოტები და “სოლიდარობა” რომ ვერ გატეხეს, ამაში ეკლესიის როლი მეტად მნიშვნელოვანი იყო: “წმინდა მამა (იგულისხმება პაპი იოანე-პავლე მეორე) გვიდასტურებდა, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანნი ვიყავით ჩვენ. მან გვასწავლა, როგორ უნდა დაგვეძლია შიში”.

პატრიარქი კირილე

Kirill Gundyaev პატრიარქი კირილე გუნდიაევი – კიდევ ერთი გავლენიანი ლენინგრადელი რუსულ ელიტაში, წარსულში – კგბ-ს აგენტი მეტსახელად “მიხაილოვი”, ანტი-ბოლშევიკურად განწყობილი სასულიერო მოღვაწეების (როგორებიც, მაგალითად, არიან გლებ აიკუნინი, ნიკოლაი ეშლიმანი) მდევნელი, ამჟამად კი – მილიარდერი, სრულიადაც არა-ასკეტური ფუფუნების მოყვარული და უკიდერესი ანტი-მედასავლეთე, ანტი-ლიბერალი და შოვინისტი.

მის მიღწევათა შორისაა:

ბანკ “პერესვეტის” ხელმძღვანელობა, სადაც რპც-ს სხვადასხვა კომერციული საქმიანობიდან შემოსული ფული “იწმინდებოდა”.

ზაგორსკის კომერციული პროექტების კურირება, რომელთა შორის იყო ათასობით ტონა ვითომ ჰუმანიტარული და საეკლესიო დანიშნულების საქონლის შემოტანა განბაჟების გარეშე, პირველ ყოვლისა კი – სიგარეტის.

ახლო კავშირები ფსბ-ს დღევანდელ ხელმძღვანელობასთან (კოლეგები არიან მაინც).

ცნობილი ორგანიზაცია “ნაშის” უკიდურესად რადიკალური ფრთის სულიერი დამოძღვრა.

4-მილიარამდე პირადი ქონება (ოჯახის წევრებზე) რამდენიმე ფეშენებელური სახლით რუსეთსა და რუსეთს გარეთ.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: