სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია: შემობრუნება დასავლეთისკენ

გასული თვის ბოლოს (წერილი დაწერილია 2010 წლის 3 თებერვალს) სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა 45-ე პატრიარქად ნიშის ეპისკოპოსი ირინეოსი აირჩია. როგორც საერთაშორისო მედია წერს და სერბეთის ეკლესიის მკვლევრები და თეოლოგები აცხადებენ, ირინეოსი “მოდერნისტ” და “ზომიერ” იერარქად ითვლებოდა.

“მას არასდროს მიუცია თავისთვის უფლება, ექსტრემისტული განცხადებები ეკეთებინა”, – აღნიშნავს რელიგიურ საკითხთა მკვლევარი მირკო ჯორჯევიჩი.

ეს გამოარჩევს ირინეოსს ბევრი სხვა სერბი იერარქისგან და განსვენებული პატრიარქი პავლესგანაც, რომელიც მხარს უჭერდა იუგოსლავიის შესანარჩუნებლად წამოწყებულ სისხლისმღვრელ ომებს სლოვენიისა და ხორვატიის წინააღმდეგ,  აფინანსებდა სერბულ სეპარატიზმს ე.წ. სერბსკა კრაინაში, არასდროს არაფერი უთქვამს სერბების მიერ ბოსნიასა თუ კოსოვოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საწინააღმდეგოდ და რომელსაც ცნობილი სამხედრო დამნაშავე არკანი “უმაღლეს მთავარსარდალს” უწოდებდა.

სერბეთის ეკლესიის ამგვარმა პოზიციამ გამოიწვია სრული გათიშულობა სერბეთისა და მეზობელი ბალკანური ქვეყნების ქრისტიანულ ეკლესიებს შორის. მას შემდეგაც კი, რაც ომი რა ხანია დასრულდა და სებეთმა ყოფილი გუბერნიების დამოუკიდებლობა აღიარა, ურთიერთობა ამ ეკლესიებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს.

ექსპერტები ფრთხილ იმედს გამოთქვამენ, რომ ეპისკოპოს ირინეოსის აღსაყდრება სერბეთის ეკლესიის შიგნით “მკაცრი” და “რბილი” კურსის მომხრეთა შორის მიმდინარე ბრძოლას დაასრულებს.

“ახალი პატრიარქი, რომელიც თავისი შემწყნარებლობითაა ცნობილი, ეკლესიასა და მრევლს ახალ გზაზე უნდა წარუძღვეს,” – ამბობს მკვლევარი ჟივიცა ტუჩიჩი.

ახალი პატრიარქის არჩევა გზას უხსნის დიალოგს სხვა ევროპულ ეკლესიებთან და ვატიკანთან.

“ჩვენ ევროპის ისტორიული ნაწილი ვართ, – განაცხადა პატრიარქმა, – კავშირის ნებისმიერი ფორმა კონსტრუქციულია და ჩვენ იმის იმედიც გვაქვს, რომ ევროპა ჩვენს რელიგიას პატივისცემით მოეკიდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მილანის ედიქტის საპატივცემულოდ გასამართი ღონისძიებები ეკლესიებს მისცემს საშუალებას, საერთო წიაღს დაუბრუნდნენ, იმ პირობით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ქრისტეს გზით და დავრჩებით ქრისტიანული ეკლესია.”

  • Edictum Mediolanensium – ესაა იმპერატორების კონსტანტინე დიდისა და ლიცინიუსის 313 წელს მილანში გამოცემული ედიქტი, რომელმაც რომის იმპერიის ტერიტორიაზე რელიგიური შემწყნარებლობა გამოაცხადა და სხვა აღმსარებლობის ადამიანთა დევნა აკრძალა. ედიქტმა წარმართობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ჩამოართვა და რომის იმპერიის ყველა მცხოვრებს ნება დართო, ეწამათ ის ღმერთი, რომელიც სურდათ.

სერბეთის ეკლესია მილანის ედიქტის 1700 წლისთავის აღნიშნვას 1013 წელს ნიშში აპირებს, ვინაიდან სწორედ ამ ადგილას დაიბადა იმპერატორი კონსტანტინე. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამათავრად ირინეოსის არჩევა შესაძლებელს ხდის პაპ ბენედიქტეს სტუმრობას. საყურადღებოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათაგან მხოლოდ ორის – რუსეთისა და სერბეთის პატრიარქები, საუკუნეთა მანძილზე, არასდროს შეხვედრიან რომის პაპს (ამასთან, სერბეთის ეკლესია ერთ-ერთია იმ ტრიუმვირატიდან, რომელიც ჯიუტად ებღაუჭება იულიუსის კალენდარს), მაგრამ, როგორც ჩანს, სერბეთში სიტუაცია იცვლება. “პაპ ბენედიქტეს მოწვევა სერბეთში 2013 წელს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს და ახალი ეპოქის დასაწყისია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ბევრად უფრო ფართო გაგებით”, – განმარტავს მირკო ჯორჯევიჩი.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Iglesia Ortodoxa Serbia cambia de rumbo
Serbian Orthodox Church elects moderate patriarch arkan

***
***

7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია
ამბროსი ხელაია, იოჟეფ მინდსენტი, იუზეფ გლემპი, კირილე გუნდიაევი

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)