პრაგის გენოციდი

1791 წლის 3 მაისს რეჩ პოსპოლიტას (პოლონეთ-ლიტვის სამეფოს) სეიმმა ევროპაში პირველი კონსტიტუცია მიიღო.

ეს არაფრად ეპიტნავათ რუსებს, რომლებმაც პოლონეთი თავისი პრივილიგირებული ინტერესების ზონად გამოაცხადეს. სხვათა შორის, ამ ღვთით კურთხეულ საქმეში რუსებს პრუსიელებმა დაუჭირეს მხარი – ერთობლივად მათ პოლონეთის განიარაღებისა და პოლონეთის სახელმწიფოზე „მფარველობის“ დაწესების გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

მოძმე პოლონელი ხალხის მასონების მიერ მზაკვრულად თავს მოხვეული კონსტიტუციური რეფორმისგან გადარჩენის მიზნით, რუსებმა პოლონეთში ჯარი შეიყვანეს, სეიმს კონსტიტუცია გააუქმებინეს და პოლონურ ქალაქებში გარნიზონები ჩააყენეს…

მაგრამ უმადურ პოლონელებს რუსი ჯარისკაცების სტუმრობა მაინცადამაინც არ მოეწონათ და მათი გაყრა მოინდომეს.
თავდაპირველად მათ ბრძოლას გენერლების კოსტიუშკოს, პონიატოვსკის, დაბროვსკის, მოკრონოვსკის და სხვათა მეთაურობით წარმატება სდევდა, მაგრამ სიმართლე, როგორც ყოველთვის, რუსების მხარეს იყო და 1794 წელს სუვოროვის არმიამ ვარშავის „გათავისუფლების“ ოპერაცია დაიწყო (ვინც არ იცის, რუსების ენაზე როცა ვინმე ერთმორწმუნე თუ არა-ერთმორწმუნე მეზობელსა თუ არა-მეზობელს დაიპყრობ, მაგას „გათავისუფლება“ ქვია)… ჰოდა, „გათავისუფლების“ დროს რუსმა ჯარისკაცებმა პოლონური პრაგის (დასახლება იყო ვარშავის მისადგომებთან, ჩეხური პრაღა არ იგულისხმება) მაცხოვრებლები დახოცეს, როგორც ჩანს, მათი საბოლოო „გათავისუფლების“ მიზნით. სულ 20’000-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა – ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები – ანუ, ისინი, ვისაც იარაღი არ ეჭირა და არ იბრძოდა. ვისაც იარაღი ეჭირა – ისინი ხომ მანამდე მოილიეს (შედარებისთვის: უშუალოდ ბრძოლის დროს ორივე მხრიდან მსხვერპლი დაახლოებით 4’000 ჯარისკაცი იყო).

ამის შემდეგ, ტყვიების დაზოგვის მიზნით, რუსმა კაზაკებმა ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს (ეს გამოცდილება მოგვიანებით მოსკოვის გადაწვისას გამოადგებათ) და ვინც მანამდე გადარჩა, ისინი ცეცხლში ამობუგეს.

მოძმე ხალხის გადარჩენით ქანცგაწყვეტილ სუვოროვს ბევრი წერის თავი არა ჰქონდა და რუსეთის არმიის გმირობის შესახებ ეკატერინე მეორეს სულ სამად-სამი სიტყვით აცნობა (a-la იულიუს კეისარი): „ვაშა-პრაგა-სუვოროვი“.

ეკატერინეს პასუხიც მოკლე იყო (ეკატერინე რითი იყო გადაღლილი, ამის დაწერას ნუღა მომთხოვთ): „ბრავო, ფელდმარშალო“ – ფელდმარშლის ტიტული სუვოროვს სწორედ ამ სასახელო გმირობამ მოუტანა.

ამასთან, ეკატერინე მეორემ დაარსა ორდენი „პრაგის აღებისთვის“, რომლითაც, იქედან მოყოლებული,  აჯილოებდნენ მხოლოდ იმ რუს ჯარისკაცს, ვინც მოყვასს განსაკუთრებული სათნოებით გაათავისუფლებდა.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

დღეს, 2009 წლის 4 ნოემბერს ვარშაველები “პრაგის გენოციდის” 215 წლისთავს აღნიშნავენ.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)