ირენა სენდლეროვა (Irena Sendlerowa/Irena Sendler) პოლონელი კათოლიკე სოც-მუშაკი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოში მუშაობდა. პოლონური წინააღმდეგობისა და ებრაელთა ხსნის კომიტეტის, “ზეგოტას” (Żegota) წევრმა, მან სანიტარული სამსახურის თანამშრომლად დაიწყო მუშაობა ვარშავის გეტოში, საიდანაც ფარულად დაიწყო ებრაელი ბავშვების გამოყვანა. ამისთვის ავტომობილის საბარგულში სხვა ხელსაწყოებთან ერთად დიდი ტომრები და ყუთები ქონდა საგანგებოდ მოთავსებული, ამავე დროს, თან დაყავდა ძაღლი, რომელიც თავისი ყეფით დამალული ბავშვების ტირილის, სუნთქვის თუნდაც, გაფაჩუნების ხმას ახშობდა. “ზეგოტა” გამოყვანილ ბავშვებს ყალბ საბუთებს უმზადებდა და პოლონელთა ოჯახებში მალავდა.
ამ გზით სიკვდილის 2’500 ებრაელი ბავშვი გადაურჩა.
ამასთან, ირენა სენდლეროვა მის მიერ გეტოდან გამოყვანილი ბავშვებისა და მათი ახალი ოჯახების ვინაობას ჟურნალში აღრიცხავადა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს შეძლებოდათ შვილების მოძიება. ეს სია მას შუშის ქილაში ჰქონდა მოთავსებული და მიწაში, ღრმა ორმოში ინახავდა.
1943 წელს “გესტაფომ” მოახერხა მისი გამოაშკარავება ანონიმი დამსმენის “წყალობით”. სენდლეროვა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, თუმცა, მან პოლონური წინააღმდეგობა არ გასცა. ნაცისტებმა ვერც მის მიერ გადარჩენილი ბავშვების სიას მიაგნეს. სიკვდილისგან ის ორგანიზაცია “ზეგოტამ” იხსნა – გერმანელი გუშაგები მოისყიდა და მათ დახვრეტის ნაცვლად სენდლეროვა ტყეში დააგდეს ხელ-ფეხ დამტვრეული. ნაცისტურ დოკუმენტებში ის სიკვდილით დასჯილთა შორის იყო აღრიცხული.
1965 წელს ებრაულმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და გმირების ხსოვნის ორგანიზაციამ Yad Vashem-მა მას გმირის წოდება (ოფიციალურად ამ ჯილდოს “მსოფლიოს ხალხთა ყველაზე მართლი ადამიანი” ეწოდება) მიანიჭა, მაგრამ დამოუკიდებელი პოლონეთის მთავრობასა და გამათავისუფლებელ “Armia Krajowa”-სთან კავშირის გამო, საბჭოურ პოლონეთში ირენა სენდლეროვა არასანდო ელემენტად ითვლებოდა და ადგილობრივი კგბ-ს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყნიდან გასვლის ნებას მას არ აძლევდნენ.
მის სახელს არ ახსენებდნენ. ირენა სენდლეროვაც უჩუმრად ცხოვრობდა ვარშავულ ერთოთახიან ბინაში და არც არაფერს ითხოვდა.
კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ, მისი ისტორიის შესახებ პოლონურმა გაზეთებმა დაწერეს. გადაიღეს ტელეფილმი. ის ქვეყნის უმაღლესი “თეთრი არწივის” ორდენით დააჯილდოვეს. 2007 წელს კი პოლონეთის და ისრაელის მთავრობებმა ირენა სენდლეროვა მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
მაშინ ის უკვე 97 წლის იყო. რა თქმა უნდა, ნორვეგიის ნობელის კომიტეტის წევრებს კარგად ესმოდათ, რომ სხვა შანსი ირენა სენდლეროვას დაჯილდოებისთვის მათ აღარ მიეცემოდათ (2008 წლის 12 მაისს ის გარდაიცვალა კიდეც), მიუხედავად ამისა, პრემია ელ გორს გადაეცა.
რა იყო ელ გორის დამსახურება? ალბათ, ყველამ იცის – ის ამერიკის სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სადაც ჯორჯ ბუშ უმცროსთან დამარცხდა. წაიკითხა ლექცია გლობალურ დათბობაზე და გამოსცა აუდიო-წიგნი ამავე თემაზე, რომელმაც პრემია გრემი დაიმსახურა. არის ტელეკომპანია Current TV-ს დამფუძნებელი, Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Google-ის მრჩეველი.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან შედარებით 2’500 ებრაელი ბავშვის სიცოცხლე, რომელიც ირენა სენდლაროვამ მეორე მსოფლიოს დროს იხსნა – სათვალავში მოსატანიც არაა.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
ამას წინათ კაპუჩინოს ბლოგზე დავწერე კომენტარი იმ დიდ მწერლებზე, რომლებიც ნობელის პრემიის გარეშე დარჩნენ ნობელის კომიტეტის მესვეურთა სნობისტური დამოკიდებულებისა და “ნატიფი” გემოვნების გამო.
ამ პოსტსაც სწორედ იმავე თემაზე ვწერდი… მაგრამ ხელოვნების ნაწარმოები მაინც სუბიექტურად აღიქმება.
ამიტომ, ბოლოს, არა რომელიმე მწერალზე, არამედ ირენა სენდლეროვაზე გადავწყვიტე, დამეწერა.
მშვიდობის ნობელის კომიტეტი სხვაა, მაგრამ ელ გორისთვის პრემიის მინიჭების უკან იგივე სნობისტური დამოკიდებულება და მოდისთვის ფეხის აყოლა ჩანს.