უნიფხვო მულტიკულტურულობა

ჩემმა ხორვატმა მეგობარმა ანდრეამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ასეთი ამბავი მომიყვა:

Multicultural ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოს ცენტრში ეგეთი ქანდაკებაა – “მულტიკულტურული ადამიანი აშენებს სამყაროს” – შიშველი მამაკაცი დედამიწის ცენტრში დგას და მულტიკულტურულ, მრავალეროვან, ტოლერანტ და ჰარმონიულ სამყაროს განასახიერებს. იტალიელმა სკულპტორმა ფრანჩესკო ფერილიმ 1997 წელს აჩუქა ქალაქს…

ჰოდა, იდგა ეგ მულტიკულტურული ქანდაკება თავისთვის, განასახიერებდა მულტიკულტურულ სამყაროს და დიდად არვის ანაღვლებდა… ნუ, ხანდახან მტრედები თუ დაასკინტლავდნენ ხოლმე მულტიკულტურულად – ეგ იყო და ეგ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დილით შეიკრიბნენ სარაევოელი მუსულმან მშობელთა კავშირის წევრები, მივიდნენ ამ ქანდაკებასთან და მამაკაცის ფიგურას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი, ხოლო მდაბიური ენით რომ ვთქვათ, ნიფხავი ჩააცვეს.
ვერც მერიამ, ვერც პოლიციამ, ვერც კულტურის სამინისტრომ (თუ აქვთ იქ ეგეთი, არ ვიცი ) ვერ გაბედა ამ ნიფხვის მოხსნა და იდგა ეგრე კაი ხანს…

მერე სარაევოში რაღაც კონფერენცია უნდა გამართულიყო კულტურათა დიალოგის თემაზე და მივიდა მერი ამ კავშირთან და თხოვა – თქვენი ჭირიმე, მაგ სკულპტურის ავტორი ჩამოდის და ერთი ორი დღით მოვხსნით მაგ ტრუსს და მერე ისევ უკან ჩავაცმევთო. თან, კარგად გავრეცხავთო, გავაუთავებთო – აგერ რეზინაც გაუწყდა და იმასაც დავაკერებთ ახალსო… დიდი ახვეწნა-მუდარა კი დაჭირდა, მაგრამ, დაითანხმა ბოლოს მაინც.

გახადეს ნიფხავი. ჩამოვიდნენ სტუმრები. ბევრი ომახიანი და კულტურული სიტყვა თქვეს სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის და კულტურის ადამიანთა ჰარმონიულ საზოგადოებაზე, სურათები გადაიღეს ქანდაკებასთან და გაფრინდნენ თავ-თავიანთ კულტურულ თუ მულტიკულტურულ ქვეყნებში.

ჰოდა, თვითმფრინავი აფრენილი არ იყო სარაევოს აეროპორტიდან, რომ იმ ქანდაკებას ისევ ჩააცვეს მისი ნიფხავი…

ისე, ეს ამბავი რომ მომიყვა ჩემმა მეგობარმა – არ დავუჯერე. ხორვატები ანეკდოტებს ძირითადად ბოსნიელებზე ყვებიან (ასევე – სერბებზე, სლოვენებზე, რუსებზე და იტალიელებზე) და მაინცადამაინც არ ვენდე, მაგრამ…
Multic
გამეცინა კია…
არა, ანდრეას რა აცინებდა კი ვიცი, მაგრამ რო ვუფიქრდები, არაფერი სჭირთ ბოსნიელებს ჩემი დასაცინი…

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S. როგორც სულ ზედა ფოტოზე ხედავთ, სკულპტურა ეკლესიის წინ დგას, მაგრამ ნიფხვით სწორედ მუსლიმებმა შემოსეს.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)